თეგი: ვაშინგტონის სამიტი

ვაშინგტონის სამიტი: NATO და აშშ პარტნიორებთან ურთიერთობების გაძლიერებაზე საუბრობენ

2024 წლის NATO-ს სამიტს ვაშინგტონი უმასპინძლებს. NATO და აშშ მას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ იმ თვალსაზრისითაც, რომ სამიტი საიუბილეოა. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე დიდი დროა და მოკავშირეები დეტალებზე საუბარს ერიდებიან, იენს სტოლტენბერგისა და ხავიერ კოლომინას შემდეგ, სამიტის შესახებ ასევე ისაუბრა NATO-ში აშშ-ის ელჩმა ჯულიან სმიტმა. „2024 წელი იქნება მნიშვნელოვანი წელი 75-ე საიუბილეო სამიტით. მოუთმენლად ველით ჩართულობას არამხოლოდ NATO-ს მოკავშირეებთან, არამედ, ყველა ჩვენს პარტნიორთან მთელ მსოფლიოში და ვეძებთ გზებს ამ მნიშვნელოვანი პარტნიორობის გასაძლიერებლად,“ - განაცხადა სმიტმა ონლაინ პრესკონფერენციაზე და პარტნიორობის მაგალითად იაპონია და კორეა დაასახელა. (ელჩი სმიტი ცოტა ხნის წინ ხელმძღვანელობდა დელეგაციას ტოკიოსა და სეულში NATO-ს სხვა მუდმივ წარმომადგენლებთან ერთად, სადაც ისინი შეხვდნენ უამრავ ოფიციალურ პირს, პოლიტიკოსებს, სტუდენტებს, რათა განეხილათ, თუ როგორ შეუძლია NATO-ს გააძლიეროს ოფიციალური პარტნიორობა იაპონიასთან და კორეის რესპუბლიკასთან საკითხებზე.) NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინახავიერ კოლომინა მომავალ სამიტზე საუბარას ჯერ ნაადრევად მიიჩნევს, თუმცა იმედოვნებს, რომ საქართველო ვაშინგტონში წარმოდგენილი იქნება. „რთულია ახლა იმაზე საუბარი, ვინ დაესწრება ვაშინგტონის სამიტს. ეს საუბრები მოკავშირეებს შორის უნდა გაიმართოს და გადაწყვეტილებებიც მათ უნდა მიიღონ. ჩემი აზრით, საქართველო იქნება მოწვეული და წარმოდგენილი. ჯერ არ ვიცი, რა დონეზე, მაგრამ მჯერა, რომ საკმარისი საფუძველია საიმისოდ, რომ საქართველო იქნება მოწვეული. მოწვევა მოვა უმაღლეს დონეზე თუ მინისტრის დონეზე, ამაზე საუბარი რთულია, მაგრამ მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ დღის ბოლოს საქართველო სამიტზე იქნება წარმოდგენილი,“ განუცხადა მან ქართულ მედიას 19 დეკემბერს. ვაშინგტონის სამიტის გეგმებზე მოკლედ ისაუბრა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ლუქსემბურგის პრემიერთან შეხვდრამდე. მან აღნიშნა, რომ ალიანსი პარტნიორებთან კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებს. „ჩვენ მომავალ წელს ვაშინგტონის სამიტზე გამოვალთ გეგმით, რომ მომდევნო ათწლეულში მივაღწიოთ თავდაცვისთვის მშპს დანახარჯების 2%-ს. ჩვენ ამ გეგმებს ვაშინგტონის სამიტზე წარვადგენთ. მომავალ წელს ვაშინგტონის სამიტზე ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ჩვენი ალიანსის ადაპტაციას; შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერებას; რეაგირებას სტრატეგიულ კონკურენციაზე. და კიდევ უფრო მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ვაშინგტონის განცხადებით, საქართველო NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორია

უკრაინამ NATO-ს ვაშინგტონის სამიტის შედეგებთან დაკავშირებით, პარტნიორებთან დისკუსია დაიწყო

უკრაინამ NATO-ს ვაშინგტონის სამიტის შედეგებთან დაკავშირებით, პარტნიორებთან დისკუსია დაიწყო. უკრიანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, 2024 წლის ივლისში დაგეგმილ სამიტთან დაკავშირებით, კიევს სურს, მოისმინოს შეერთებული შტატების აზრი იმის შესახებ, თუ როგორ ხედავენ ისინი ამ მოვლენას. „ჩვენ ყოველთვის გვაქვს მაქსიმალური მოლოდინები, მაგრამ მხოლოდ ახლა დავიწყეთ პარტნიორებთან განხილვა ვაშინგტონის სამიტის შედეგების შესახებ. ეს დისკუსია დაიწყო უკრაინის ინიციატივით. ჩვენი მიდგომა იყო, რომ რაც უფრო მალე დავიწყებთ განხილვას, შედეგები მით უკეთესი იქნება,“ - განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა. დეტალების გამჟღავნების გარეშე, მინისტრმა აღნიშნა, რომ დისკუსია "ძალიან ადრეულ ეტაპზეა.“ „რა თქმა უნდა, რადგან ეს არის საიუბილეო სამიტი და ჩატარდება ვაშინგტონში, ჩვენ დაგვჭირდება მოვისმინოთ აშშ-ის აზრი იმის შესახებ, თუ როგორ ხედავენ ისინი ამ მოვლენას, რადგან მათ აზრს აქ ნამდვილად მნიშვნელოვანი გავლენა ექნება,“ - აღნიშნა დმიტრო კულებამ. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ვილნიუსის სამიტზე, ალიანსის წევრების მენტალიტეტში ცვლილება მოხდა, რაც გზას უხსნის უკრაინის რეალურ წევრობას. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ შევანელოთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი ზედმეტი ბიუროკრატიით, ზედმეტი დოკუმენტებითა და დამატებითი პროცედურებით,“ - განაცხადა კულებამ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 დეკემბერს დიპლომატებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ ვაშინგტონის სამიტისთვის ეფექტიანი მომზადება 2024 წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.  

ვოლკერი ვაშინგტონის სამიტზე: NATO-სადმი ჩემი რეკომენდაცია იქნება, სასწრაფოდ დაიწყოს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის გაწევრიანების პროცესი

NATO-ში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს აქვს მოლოდინი, რომ სამიტის შემდეგ, ალიანსმა შესაძლოა,უკრაინის დასახმარებლად პირველი, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. კურტ ვოლკერის თქმით, მნიშვნელოვანია, ვაშინგტონის სამიტზე ალიანსს ჰქონდეს მკაფიო გზავნილი მოსკოვისთვის, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოებია და მათი უსაფრთხოება დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია. „[ალიანსისადმი] ჩემი რეკომენდაცია იქნება, სასწრაფოდ დაიწყოს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას NATO-ში გაწევრიანების პროცესი. ეს დაუყოვნებლივ არ მოხდება, პროცესი მოიცავს მოლაპარაკებებს, რატიფიკაციის ეტაპს. მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ რუსეთს, რომ ეს სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოებია და მათი უსაფრთხოება დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ არ გვსურს, ისინი კვლავაც რუხ ზონებში იყვნენ, სადაც პუტინი გრძნობს, რომ შეუძლია უბრალოდ თავს დაესხას, დაიკავოს ტერიტორიები და ისინი რუსეთის დომინაციის ქვეშ შეინარჩუნოს. ეს პროცესი ვაშინგტონში უნდა დავიწყოთ. ვიტყოდი, რომ კონკრეტულად უკრაინის შემთხვევაში, წევრობისთვის მოწვევის თაობაზე, მკაფიო განცხადება უნდა გაკეთდეს,“ - აღნიშნა ვოლკერმა. NATO-ში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს აქვს მოლოდინი, რომ სამიტის შემდეგ, NATO-მ შესაძლოა, უკრაინის დასახმარებლად პირველი, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. „2022 წლის თებერვლიდან, როცა რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, NATO-ს წევრმა ქვეყნებმა კიევს უზარმაზარი სამხედრო დახმარება გაუწიეს. აღსანიშნავია, რომ NATO, როგორც ორგანიზაცია, ამაში ჩართული არ ყოფილა. შეერთებული შტატებისა და გერმანიის ლიდერობით, დამოუკიდებელი პროცესი შეიქმნა - „რამშტეინის პროცესი“ - რომელიც ალიანსის გვერდის ავლით, უკრაინის დახმარებას უზრუნველყოფს. ვფიქრობ, ვაშინგტონის სამიტის შედეგად, შესაძლოა ვიხილოთ, რომ უკრაინის დასახმარებლად, NATO-მ გარკვეული როლის შესრულება დაიწყოს. ვფიქრობ, ეს არის შემდეგი ეტაპი, საითაც ალიანსი მიდის. საბოლოო ჯამში, ჩვენი ევროპელი მოკავშირეები აცნობიერებენ, რომ არ არსებობს უსაფრთხოება ევროპისთვის, თუ იქ რუხი ზონები იარსებებს. ყველა უნდა იყოს ერთი კლუბის წევრი - დემოკრატიული, საბაზრო ეკონომიკის უსაფრთხო ზონა - რომელსაც შეერთებული შტატების დახმარებით საკუთარი თავის დაცვა შეეძლება. ვფიქრობ, საბოლოოდ ეს ყველაფერი სწორედ აქეთ მიდის. ასე რომ, მომავალ წლებში, ნატოს გაფართოების მორიგ ტალღას ვიხილავთ,“ - განუცხადა ამერიკის ხმას ვოლკერმა. ალიანსის 75-ე საიუბილეო სამიტს, 9-11 ივლისს, ვაშინგტონი უმასპინძლებს. 32 ქვეყნის ძლიერი ალიანსი მრავალი პარტნიორით - NATO-ს ვაშინგტონის სამიტის მოლოდინები